„საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩაივლის ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები“, - www.tribuna.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა  აშშ-ის საქართველოში ელჩობის

კანდიდატმა რიჩარდ ნორლანდმა სენატში მისი კანდიდატურის განხილვისას.

„ევროპა და აშშ ყურადღებით მიადევნებს თვალს, არჩევნების მსვლელობას რომ დადგინდეს, რამდენად პასუხობს ის იმ სტანდარტებს და კრიტერიუმებს, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს.   ვფიქრობ, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უკვე იციან რომ ისინი ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან,  რაც წარმოადგენს ერთგვარ ლაკმუსის ტესტს ნატოში გასაწევრიანებლად. ვიმედოვნებ, რომ მათი მხრიდან გადადგმული იქნება სწორი ნაბიჯები“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამავდროულად, ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა, რომ ნატოს  სამიტზე რომელიც ჩიკაგოში გაიმართება, აქცენტები გაკეთდება იმ პროგრესებზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების გზაზე.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა  რომ „საქართველომ თავისი საქმიანობით ავღანეთში დაამტკიცა, რომ ის არის შეერთებული შტატების „საიმედო პარტნიორი“, იუწყება „ამერიკის ხმა“.

სენატში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ საქართველოში არსებული სიტუაცია, კონკრეტულად კი ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციისადმი. ყურადღება გამახვილდა კონტროლის პალატის მიერ უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ბრალდებით ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნების“  2,72 მილიონი ლარით  დაჯარიმებაზე.

„ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ჩემი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება საქართველოში იმ პრინციპების თვალყურის დევნება, რომელსაც ასე ვაფასებთ. აშშ  მილიონობით დოლარს ხარჯავს ქართველი საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის. ჩვენ მივადევნებთ თვალს, რომ დავრწმუნდეთ - ვიღებთ თუ არა იმ შდეგებს, რომელთაც გვინდა მივაღწიოთ“ - აღნიშნა ნორლანდმა.

P.S.: აღნიშნული განცხადება ცალსახად მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ა.შ.შ.-ში კვლავინდებურად არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორც ადრე და შესაბამისად ცნობილია, რომ არავის ეპატიება შეცდომების განზრახ დაშვება და შემდგომ მისი ”გამოსწორების გზების ძებნა”, ადამიანის უფლებების ხელყოფა, მხოლოდ იმის იმედით, რომ თითქოს საერთაშორისო მხარდაჭერა მაინც იარსებებს და შიდასახელმწიფოებრივ - ოპოზიციურ რესურსებს ყოველთვის დასძლევს... ჩვენ ვთვლით, რომ მეგობრულად განწყობილი ქვეყნის მხარდაჭერის შესუსტება რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ უპირობო მხარდაჭერის იმედმაც საქართველოს მოსალოდნელი პოზიტიური შედეგი ნამდვილად არ მოუტანა და ბრმა მხარდაჭერას, ბოროტად არ უნდა ვიყენებდეთ...

 

 

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8285&Itemid=1