საზოგადოება დაგვეთანხმება, რომ საქართველოში პრაქტიკულად საზოგადოების დიდი ნაწილი იყენებს იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვის უფლებას. ჩვენ განსაკუთრებით სიფრთხილეს ვურჩევთ კერძო იპოთეკარებს და სხვა ისეთ კრედიტორებს, რომლებიც არ

არიან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფინანსო დაწესებულება.

2012 წლის 30 მარტს საქართველოს საგადასახადო კოდექსა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები და დამატებები. რის შედეგადაც არსებითად გაუარესდა კერძო კრედიტორების სამართლებრივი მდგომარეობა, მოვალის ვალდებულების უძრავი ქონებით უზრუნველყოფის ნაწილში. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, საქართველოს კანონის 50 მუხლის მე-8 პუნქტის, 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 771 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის 823-ე მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შედეგად, მივიღეთ  სამართალურთიერთობათა ახლებურად რეგულირების წესები, რაც გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 19 აპრილიდან (ანუ, გამოქვეყნების დღიდან შედის კ/ძალაში):

თუ საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის / იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა / იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით /იპოთეკით.

იგივე წესი ვრცელდება მოძრავ ნივთებთან მიმართებითაც, მაგრამ იმ გამონაკლისით, რომ თუ გირავნობის/იპოთეკის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, არ ფარავს ყველა კრედიტორის და მ.შ. სახელმწიფოს საგადასახადო ვალდებულებას, აღნიშნული ნივთის რეალიზაციამდელ მესაკუთრეს არ ეკისრება შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანების დამატებით გადახდის ვალდებულება.

მაგრამ თუ თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი (P.S.: კერძო სამართლის იურიდიული, ან ფიზიკური პირი) საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.

აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, თუ დაინტერესებული ფიზიკური, ან იურიდიული პირი (გარდა კანონით გათვალისწინებული ფინანსური დაწესებულებისა, ანუ ბანკები და ა.შ.) იპოთეკით დატვირთავს მოვალის უძრავ ქონებას და აღნიშნულ ქონების მესაკუთრეს (ანუ მოვალეს) დაერიცხება  საგადასახადო დავალიანება, რიგითობის მიუხედავად, პირველ რიგში დაკმაყოფილდება სახელმწიფო მოთხოვნა და შედეგად შეიძლება მატერიალური თვალსაზრისით სოლიდურად დაზარალდეს დასახელებული იპოთეკარი.

აგრეთვე, ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვა უქმდება, თუ უძრავი ქონება არ გაიყიდა აუქციონზე და იგი ნატურის სახით გადაეცა სახელმწიფოს.

 

.