მ/წ–ს 17 მაისიდან კრედიტორსა და მოვალეს შორის გამარტივებული საქმის წარმოების წესი შეიცვალა და ნაცვლად სასამართლოსა, ამიერიდან მას განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ბრძანებაც ექვემდებარება აღსრულებას ჩვეულებრივი წესით.

აღნიშნული ცვლილებები 2012 წლის 08 მაისს, ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52 / კანონის N 6145-Iს) საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–13 პუნქტით, ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს კანონში – ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ", რომლითაც განისაზღვრა, რომ ა/წ–ს 17 მაისიდან, ანუ კანონის ამოქმედების დღიდან წარმოებულ დავებზე, გამარტივებული წესით კრედიტორული დავალიანების მოვალისათვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

ახალი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მოვალე აღიარებს დავალიანების არსებობას, ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ დააფიქსირებს თავის პოზიციას, აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებს გადახდის ბრძნებას, რომელიც გასაჩივრების წესის გარეშე ექვემდებარება აღსრულებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ აღიარებს კრედიტორის მოთხოვნის კანონიერებას და შეიტანს პროტესტს, აღსრულების ეროვნული ბიურო სავალდებულო წესით მიიღებს ბრძანებას, გადახდის ბრძანების გაცემის სესახებ, უარის თქმის თაობაზე, რის შემდეგაც კრედიტორი არ უფლებამოსილია, ჩვეულებრივი სასარჩელო დავის წესით მიმართოს სასამართლოს, რომელიც დავაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საერთო წესით.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო (და ასევე, არც სასამართლო) არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა ისეთ მხარეთა შორის, რომლებიც დავის დაწყების დროისათვის უკვე შეთანხმებულნი არიან, შესაძლო სადავო საკითხების კერძო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ განხილვასთან დაკავშირებით. ხოლო, დავის კერძო არბიტრაჟში განხილვის შემთხვევაში, არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულების პროცესი უცვლელია და არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღსრულდება ,,არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

აგრეთვე, გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე.

8 მაისის ცვლილებების ნოვაცია იმაშიც გამოიხატება, რომ ამ ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობაში შემოღებულ იქნა საპროცესო მხარეთა ახალი სახელწოდებებიც. კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" დღეისათვის მოქმედი (ცვლილებების გათვალისწინებით) კანონის 913 მუხლის თანახმად: ,,მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი (P.S.: ანუ მოსარჩელე) არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი (P.S.: ანუ მოპასუხე) არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

აღნიშნული ცვლილებებით ასევე, სიახლე არის ისიც, რომ მოპასუხის, ანუ რესპოდენტის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელე, ანუ აპლიკანტი ვალდებულია, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს საგარანტი თანხა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაზრაურებულ იქნეს მოპასუხის, ანუ რესპოდენტისათვის მიყენებული ზიანი, თუ ასეთი ზიანი განაპირობა ყადაღის უსაფუძვლოდ დადებამ...

 

P.S.: მართალია, კანონმდებელთა და აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებებით, ზემოთდასახელებული ცვლილებები არის უცხოური პრაქტიკის შესწავლით მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, მაგრამ შვედური და ფრანგული მოდელის ანალოგი თუ რა პრაქტიკას დანერდავს საქართველოში, ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რეფორმის პირველ ეტაპზე, აღნიშნული სიახლეები გარკვეულ გაუგებრბებს გამოიწვევს საზოგადოებაში. ხოლო, ყადაღის დადების მოთხოვნა კი უფრო ხშირად პრობლემატიკურიც კი იქნება...

 

 

.