2012 წლის 25 მაისიდან უხარისხო, ანუ წუნდებულ პროდუქტის მწარმოებელი პასუხისმგებელია ზიანისათვის, რომელიც ადამიანს მიადგა ასეთი წუნდებული პროდუქტის მოხმარების შედეგად, თუ მან გამოიწვია გარდაცვალება, ან სხეულის, ან ჯანმრთელობის დაზიანება...

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მ/წ–ს 8 მაისს შეტანილი ცვლილებები, ამოქმედდა 2012 წლის 25 მაისიდან, რომლითაც ახლებურად დარეგულირდა ურთიერთობა პროდუქტის მწარმოებელსა და მის მომხმარებელს შორის.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, იმ დღიდან 3 წლის მანძლზე, როდესაც ადამიანი შეიტყობს უხარისხო, ანუ წუნდებული პროდუქტის მწარმოებელის ვინაობას, იგი უფლებამოსილია, უხარისხო (წუნდებული) პროდუქტის მწარმოებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ასეთი უხარისხო პროდუქტის მოხმარების შედეგად, თუ იმავე უხარისხო პროდუქტის გაყიდვიდან არ გასულა 10 წელი.

სასამართლოში, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარისაა და ამდენად უხარისხო პროდუქტთან დაკავშირებულ დავაშიც, პროდუქტის უხარისხობისა და მისი მოხმარებით გამოწვეული ზიანის მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს, ანუ მოსარჩელეს. ხოლო, სარჩელის განსამტკიცებლად, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ექსპერტიზას.

მართალია რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, რომლის გაწევის საშუალებაც ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია ადამიანს, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ თუ რომელიმე თქვენთაგანი შინაგანად დარწმუნებულია, რომ უხარისხო პროდუქტმა მოგაყენათ სხეულის, ან ჯანმრთელობის დაზიანება, ნუ დაუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ანალოგიური შემთხვევა განმეორდეს და აუცილებელი მკურნალობის პარალელურად ჩაიტარეთ ექსპერტიზაც, რომელშიც სათანადო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერი კვალიფიციური ადვოკატი, ან თქვენივე მკურნალი ექიმი.

გახსოვდეთ!.. რომ დროული მკურნალობისა და ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, თქვენს მიერ მოხმარებული წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი ვალდებულია, აგინაზღაუროთ, როგორც ფაქტობრივად დამდგარი, ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული ზიანი, ასევე, მკურნალობის, ექსპერტიზის, ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება არ შეურიგდება უსამართლობას და არ დარჩება იმის იმედად, რომ ,,მის გასაკეთებელ საქმეს, სხვა გააკეთებს", ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე პროცესის სწორად წარმართვის შედეგად, უხარისხო, ანუ წუნდებული პროდუქტის მწარმოებლებს და მათ შორის ძირითადად ფალსიფიკატორებს წარმოეშობათ მნიშვნელოვანი მატერიალური ვალდებულება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს და აღნიშნულით ისინი იძულებულნი გახდებიან, რომ მომავალში არ გაიმეორონ იგივე ქმედება, რამაც ერთხელ უკვე სურიოზული ზიანი მოუტანა მათ...

 

 

.