არა ძალადობას! არა წამებას! და პატიმრობა კაცთმოძულე ადმინისტრაციას!!!...
საზოგადოებისათვის ბოლო 24 საათის განმავლობაში ცნობილი კადრები შეუძლებელია დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე. ის რაც მოხდა გლდანის N8 სასჯელთაღსრულების

დაწესებულებაში სამწუხაროდ პირველი არ ყოფილა ქართულ სინამდვილეში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენას, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მეტ–ნეკლებად ახერხებს საკმარისი ინფორმაციის მოპოვებას და რაც მთავარია არავის არაფერი ავიწყდება...

განა იშვიათად გამოქვეყნებულა ანგარიშები წამების შესახებ, არაერთი სარჩელი გაგზავნილა სტრასბურგის სასამართლოში და განა ვინმეს შეუძლია განაცხადოს, რომ სასჯელთ აღსრულების დაწესებულებაში დღეში ათობით პატიმრებს არ აწამებდნენ? ე.წ. კარანტინის დაშლისას სასტიკად არ უსწორდებოდნენ პატიმრების 90%–ს? ან ადვოკატის ვიზიტის უმრავლეს შემთხვევაში, მის საქმიანობაში სახვადასხვა სახის ჩარევით, დაცვის უფლებას არ ხელყოფდა ციხის ადმინისტრაცია?.. რა თქმა უნდა არა!... და რა თქმა უნდა ასე ხდება წლების განმავლობაში...

ქართული საინფორმაციო საშუალებებით და განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში, არაერთხელ გავრცელებულა შემაძრწუნებელი ფაქტები, მაგრამ იგი ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩებოდა და სამწუხაროდ პენიტენციალურ სისტემაში ძალადობა ითვლის არა 1, ან 2 თვეს, არამედ – ათეულობით წლებს და წამებისა და არა ადამიანური მოპყრობა სასჯელთ აღსრულების სისტემაში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა პატიმრებს.

შეიძლება წამების ფაქტები მინიმუმამდე შემცირდა პოლიციაში და უფრო მეტიც, თითქოს საზოგადოებამ დიდი ნდობა გამოუცხადა პოლიციას, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობა ამით მხოლოდ შეინიღბა და ერთი სტრუქტურიდან გადაინაცვლა მეორეში. ვიმედოვნებთ, რომ ბატონი პრეზიდენტი, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ახლაც იქნება განსაკუთრებით პრინციპული და სწორედ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგს საკუთარ თავზე გამოცდიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაკავებულ იქნა N8 საპყრობილეში განხორციელებულ წამების ფაქტზე.

ჩვენ ხაზგასმისთ გვსურს აღვნიშნოთ, რომ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუქფის აქტიური მხარდამჭერები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის ვინც არ გმობს ძალადობას, უმოქმედობითაც ხელს უწყოფს მოძალადეს და მისი თანამზრახველია!..

საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ამჟამად წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს 20-მდე ადამიანის მიმართ, ბევრი მათგანი და მათ შორის, N8 საპყრობილის დირექტორი – დავით ხუჭუა დაპატიმრებულია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეგ არ არის საკმარისი. შეიძლება აღნიშნული დაპატიმრებების შედეგად, მომავალში გარკვეული შვება იგრძნოს სხვა პატიმრებმა, მაგრამ ასეთი ე.წ. ,,პრევინცია" არ იქნება რეჟიმის გამოსწორების საფუძველი მანამ, სანამ თითოეული წამებული პატიმრის დანაშაულისათვის სისხლის სამართლის წესით პასუხს არ აგებს თითოეული დამნაშავე მოხელე და თითოეული პოტენციური დამნაშავე მოხელე არ დაფიქრდება იმაზე, რომ მუდმივი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე და შესაბამისად დადგება დრო, როდესაც მას ვერ დაიცავს მისივე თანამზრახველი ხელმძღვანელი, როდესაც ის საზოგადოებაში აღმოჩნდება იმ ფორმის გარეშე, რომელშიც მან საკუთარი თავი, ღირსება და ადამიანებისათვის თვალში შეხედვის უფლება გაცვალა...

და ბოლოს, საზოაგადოებას განუმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული წამება და არაადამიანური მოპყრობა ითვალისწინებს 13–დან 21 წლამდე პატიმრობას და ამას შეკრებითობის პრინციპით თუ დავაჯამებთ, დამნაშავეების მიერ ჩადენილი დანაშაულის ეპიზოტთა რაოდენობაზე, ფაქტია რომ ყველა მათგანს უნდა მიესაჯოს 30 წლიანი თავისუფლების აღკვეთა...

მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, დაცვის მოტივისა და ა.შ. ჩვენ მოვუწოდებთ, ჩვენს კოლეგა ადვოკატებს, რომ ყველამ უარი ვთქვათ კაცთ მოძულე, ღირსების არ მქონე და ტირანი დამნაშავეების უფლებების დაცვაზე და არ გაიაროთ სირცხვილის დერეფანი მათ გვერდით...

 

 

 

.