ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავთ საქართველოს ფაქტობრივ მმართველად არჩევას და ვუსურვებთ წარმატებებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, პირად ცხოვრებაში...

ღია წერილი, საქართველოს ახალ პრემიერ მინისტრს...

 

 

ბატონო პრემიერ მინისტრო,

მოგესალმებით ღრმა პატივისცემით და გამოვთქვამთ განუსაზღვრელ აღფრთოვანებას თქვენს მიერ ძალადობაზე, ავტოკრატიასა და დიქტატზე გამარჯვებასთან დაკავშირებით...

თქვენი გამარჯვება არის გამარჯვება არა მარტო პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება ერთ მოძალადე პოლიტიკურ პარტიაზე, არამედ ეს არის გამარჯვება მთელი ქართველი ერის და რა თქმა უნდა ეს არის დამარცხება ერთპიროვნული მმართველობის, ერთ ადამიანზე მორგებული სისტემის და რაც მთავარია, თქვენს მიერ მიღწეული მიზანი არის გზა საქართველოს ნათელი მომავლისაკენ...

ჩვენ ვუერთდებით მთელი ქართველი ერის განწყობას და გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენი მმართველობის ეპოქაში, საქართველო აირჩევს ისეთ პოლიტიკურ კურსს, რომლიდანაც ვერავინ და ვერსასოდეს საქართველოს ვერ დააბრუნებს წარსულში, ვერავინ შეძლებს იმოქმედოს ქართული საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ და რაც მთავრია ვფიქრობთ, რომ თქვენი სახით, ქართველმა ხალხმა, მართლაც აიხდინა ქართული ოცნება...

მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, ვინც 1 ოქტომბერს ხმა მისცა საქართველოს წარსულსა და არა მის მომავალას, მაგრამ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი ადამიანების უმრავლესობამ, შემოხაზა 5-იანი იძულებით, ძალადობით და კარგად ცნობილი შანტაჟის თუ მუქარის შედეგად. სხვა შემთხვევაში კი – ქართველი ხალხი მართლაც, რომ ბრძენია...

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ერს დაუბრუნებთ იმას, რაც აუტანელი და არაადამიანური ძალადობით მიითვისა ყოფილმა ხელისუფლებამ და არ დაუშვებთ თუნდაც ერთი ადამიანის კონსტიტუციური უფლების შელახვას, თუნდაც ერთი მინისტრის თუ სხვა პირის კეთილდღეობის სანაცვლოდ, როგორც ამას ადგილი ქონდა 1 ოქტომბრამდელ საქართველოში...

ჩვენ ვუერთდებით სრულიად საქართველოს იმედს, რომ კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა დამნაშავე და საქართველო დაიბრუნებს შელახულ ღირსებას...

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ღირსეულად ვემსახუროთ საკუთარ სამშობლოს და მუდამ ვიყოთ იქ სადაც ყოფნას გვიკვეთავს ქართული საზოგადოება და გვჯერა, რომ საქართველოს სათავეში თქვენი ყოფნა მუდამ იქნება სამართლიანობის და ხალხის კეთილდღეობის გარანტი...

მე, ჩემს ორგანიზაციაში გაერთიანებული ადვოკატების და სხვადასხვა პროფესიის 15 ადამიანის სახელით, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობას და გისურვებთ, რომ ქართველი ხალხისათვის მომავალშიც აგეხდინოთ ის ოცნება, რომლის იმედითაც მათ თქვენ ჩაგაბარათ ქვეყნისა და თითოეული მათგანის ხვალინდელი დღე...

 

ღრმა პატივისცემით, ბაჩუკი ქირია
იურიდიული კომპანია – შ.პ.ს. „PAEL Georgia“-ს დირექტორი

 

 

 

.