დღეს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანი, რომლებსაც ბრალი ედებათ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვა ადამიანების შესახებ პირადი ცხოვრების შესახებ,

ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს დაკავება არ არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნა და აღნიშნული განხორციელდა ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის შედეგად. მართალია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ–ჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რა პერიოდში ჩადენილ დანაშაული იქნა გამოვლენილი, დაკავებული პირები აღიარებენ თუ არა დანაშაულს, თანამშრომლობენ თუ არა გამოძიებასთან და ა.შ., მაგრამ სანდო წყაროს მეშვეობით, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ ს.ს. საქმეში ბრალდებულთა წრე არ შემოიფარგლება მხოლოდ 9 ადამიანით (არსებობს ვარაუდი, რომ მათ ჰყავთ სხვა თანააღმსრულებლები და რაც მთავარია – დამკვეთები, ანუ თანამდებობის პირები, რომლებიც მათ ასეთი ქმედების განხორციელებას ავალებდნენ).

ჩვენ უპირველეს ყოვლისა, როგორც უფლება დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ზოგადად ვერ მივესალმებით ნებისმიერი ადამიანის თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ აქვე საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს დამოკიდებულებას აღნიშნულთან დაკავშირებით. მიგვაჩნია რა, დანაშაულის დაუსჯელად დატოვება, ნებისმიერ სახელმწიფოსა და ნებისმიერ დროში, ყოველთვის იყო და იქნება ახალი დანაშაულის წახალისების საფუძველი, რაც შეიძლება გამოხატულ იქნეს იმავე (დაუსჯელი დამნაშავის), თუ სხვა პირის მიერ განხორციელებული ინკრიმინირებული ქმედებით. როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლების ხელყოფაზე, უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზარალებულ პირთა ტკივილიც და ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკანონო მოსმენების, ელექტრონული მასალების უკანონოდ მოპოვების და პირადი საიდუმლოების, წლების განმავლობაში სისტემატიურად ხელყოფის შედეგად, დაზარალებულია მინიმუმ საქართველოს მოსახლეობის 98%. მიუხედავად იმისა, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს ამგვარი მოსმენებით მიადგა თუ არა უშუალო და პირდაპირი ზიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ამგვარი ქმედებების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და რა თქმა უნდა, მიუხედავად დაკავებული პირების რანგისა და ვინაობისა...

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ 9 პირთათვის შერაცხული ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ ემუქრებათ პატიმრობა 2-დან 5 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. P.S.: უკანონო მოსმენად, ან ტექნიკური საშუალებით ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონო მოპოვებად დაკვალიფიცირდება, ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდა სასამართლო განჩინების და / ან ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონის, ან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებს გარდა ნებისმიერი ქმედება. ხოლო, თუ გავიხსენებთ 2005-2012 წწ-ში უკანონო მოსმენების თემა საქართველოში რამდენად "რეზონანსული" და "პოპულარული" იყო, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას არ გაუჭირდება ამგვარი ქმედების შედეგად მიყენებული, თუნდაც არაპირდაპირი ზიანის ანალიზი.

და ბოლოს, საქართველოში 1 ოქტომბრის მონაპოვარის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ მიუხედავად დასახელებულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხისა და აღნიშნულისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, საქმისადმი პროკურატურის პროფესიონალური მიდგომისა და ამჟამად მაინც, პოლიტიკური წნეხისაგან განთავისუფლებული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით გახდება ცნობილი ბრალდებულ პირთა შემდგომი ბედი.

P.S.: საქართველოს პარლამენტის მიერ, ამჟამად ინიცირებული, ამინიისტიის შესახებ (ამჟამად განხილვის ეტაპზე არსებული) კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი, ითვლება ამინისტიას დაქვემდებარებულ მუხლად. მაგრამ თუ ბრალი დამძიმდა, შეუძლებელია საქმის შედეგის წინასწარი ანალიზი...