ჩვენ ვეხმიანებით ბოლო დღეებში, საქართველოში აქტუალურ თემად ქცეულ - "სომხური ენისადმი რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების" საკითხს და გვსურს საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნათ არსებული პრობლემა და განსაკუთრებით მასთან დაკავშირებული სამართლებრივი მდგომარეობა.

ბოლო დღეებში, ქართულ და არა მარტო ქართულ მედია სივრცეში აქტიურად გაშუქდა განსხვავებული პოზიციები სომხური ენისათვის, რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭბის შესახებ, ბევრი ითქვა იმაზეც, რომ საპარლამენტო უმრავლესობის, ან პირიქით - საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივაა და პოლიტიკოსები ერთმანეთს ბრალს დებენ პროვოკაციაში, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში და ა.შ., მაგრამ ჩვენ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ავუხსნათ თუ საიდან და რის გამო წარმოიშვა აღნიშნული პრობლემები, თუ კიდევ ამას პრობლემა ჰქვია...

საქართველომ 1999 წელს, ევროპის წინაშე იკისრა რიგი პოლიტიკური ვალდებულებანი და მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედაც ის ქარტია, რომელმაც მღელვარებით აალაპარაკა დღეს ქართული საზოგადოება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ვალდებულების აღებიდან თითქმის 14 წლის შემდეგ, პრობლემაა მხოლოდ დასახელებული ქარტიის არასაწორი ინერპრეტაცია. საუბარი არის 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტზე და 1990 წლის კოპენჰაგენის საბჭოს დოკუმენტზე. რომლზეც მიერთებასაც ხელი მოაწერა საქართველომ 1999 წელს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქარტია უკვე მოქმედებს საქართველოში, ან თუ იგი ამოქმედდა, სომხურ ენას, ავტომატურად ენიჭებოდეს "რეგიონალური ენის" სტატუსი.

ქარტიის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფო ღებულობს ვალდებულებას გამოარჩიოს, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე მის ტერიტორიის ნაწილზე, ესა თუ ის ენა, გადაწყვიტოს რომელ ენას რა ეხება და შესაბამისად, მიანიჭოს მას სხვადასხვა სტატუსი, ქარტიაში არსებული ჩამონათვალიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მცდარია მოსაზრება, რომ მისი რატიფიკაცია, ავტომატურად, რომელიმე 1 ენისადმი პრივილეგირებული სტატუსის მინიჭებას ნიშნავდეს.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ "საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.". ამდენად, არცერთ თუნდაც რატიფიცირებულ ქარტიას არ აქვს იურიდიული ძალა, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ხოლო, დღეისათვის კი უდაოა, რომ საქართველოს კონსტიტუცია (მე-8 მუხლი), საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცნობს ერთადერთ სახელმწიფო ენას - ქართულს და უპერსპექტივოა ნებისმიერი საუბარი, კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე. სხვა პრივილეგირებული ენების არსებობაზე. ასევე, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ რუქასაც ნათლად დავრწმუნდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, თუნდაც ამ ნაწილში, შეუძლებელია მთელი საპარლამენტო სპექტრის თანხმობის გარეშე და თუ ეს მაინც მოხდა, ვერ უმრავლესობა და ვერც ოპოზიაცია, ერთი მეორისაკენ ხელს ვერ გაიშვერს და მისი ფაქტობრივი შედეგი ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის, თანაბრად საპასუხისმგებლო იქნება.

ასევე, განვიხილოთ ის შემთხვევაც, თუ ქარტიაც რატიფიცირებულ იქნა და საქართველოს კონსტიტუციაშიც შევიდა შესაბამისი ცვლილებები... აღსანიშნავია, რომ არც ამ შემთხვევაში არ დგას საკითხი ისე, რომ სომხურ ენას აუცილებლად უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი. "რეგიონალური ენის" სტატუსის მინიჭება, დასახელებული გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი, საქართველოს პარლამენტის ცალკე განხილვის საგანი გახდება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი კუთხურ თუ ნაციონალურ ენაზე მოსაუბრე და დიდი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ტრადიციების მქონე საზოგადოება, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ქართული საზოგადოებრივ - პოლიტიკური სურათის გათვალისწინებით, აღმოჩნდება ძალიან მძიმე და შეიძლება გადაულახავი პრობლემის წინაშეც კი.

კერძოდ, ვინმეს განა წარმოუდგენია, რომ თუ სომხურ ენას მივანიჭებთ ნებისმიერ პრივილეგიას, მაშინ განა რა დააშავა რუსულმა, აზერბაიჯანულმა, ქურთულმა და სხვა იმ ნაციონალურმა ენებმა, რომლებზეც ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საუბრობს?.. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასახელებული ენები არის სწორედაც, რომ ნაციონალური ენები, ყველა მათგანი თავის მხრივ, საქართველოში წარმოშობილია მეზობელ სახელმწიფოთაგან საუკუნეების მანძილზე არსებული მიგრაციის შედეგად, მაგრამ საქართველოში მართლაც არსებობს კუთხური ენები - მეგრული და სვანური, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნება არცერთ ნაციონალურ ენას და თუ სომხურ, ან სხვა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის მისაღებ ენების პრივილეგიაზე ვსაუბრობთ, განა პრივილეგიის ღირსი არ არის ჭეშმარიტად ქართული კუთხურ - ეთნიკური ენები?!... რა თქმა უნდა საკითხისადმი ამგვარი მიდგომა სრულიად დაუშვებელია.

იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალა აიღებს პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად საკითხის არასახელმწიფოებრივ მიდგომაზე, ფაქტია, რომ საქართველოში ამგვარი ქმედება უდავოდ გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს და თუნდაც ერთი გამონაკლისის, ან თუნდაც კომპრომისული პრეცედენტის დაშვება, უდაოდ იქნება ჯერ არაერთი რეგიონალური ენის სტატუსის დაშვების, შემდეგ კი - რამდენიმე ახალი "ქართული ავტონომიის" წარმოშობის საფუძველი, რაც საქართველოს საბოლოო დაშლამდე მიიყვანს და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ქართული პოლიტიკური სპექტრი, ეს იქნება დანაშაული ქართული სახელმწიფოებრიობის, საზოგადოებრიობის წინაშე, რომელიც არავის ეპატიება და მას დღეს თუ ხვალ, აუცილებლად სწორად განსჯის ისტორია... მაგრამ აქვე, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ საქართველოს პარლამენტის მმართველმა კოალიციამ, არაორ აზროვნად და სრულიად ცალსახად, უკვე განაცხადა, რომ "სომხური ენისადმი რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების საკითხი არც კი განიხილება"-ო და იმის გათვალისწინებით, რომ ამ განცხადების ავტორები, პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მომავლის წინაშე, გვჯერა, რომ საქართველო ნამდვილად გადაურჩება სამხრეთით 2, ან 3, ხოლო დასავლეთით კი - 1, ან 2 ჯერ ახალი ავტონომიის, შემდეგ კი - სეპარატისტული მოძრაობების წარმოშობას, რომელთა ანალოგის შედეგებს დღესაც იმკის და კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებს ქართული სახელმწიფოებრიობა...