2013 წლიდან, თვეში 500 ლარიანი ხელფასი სრულად არ იბეგრება!.. საქართველოს საგადასახადო კოდექსში 20.12.2012 წ-ს შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა 2013 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ვინაიდან ამგავრი ცვლილება, სიახლე იყო ქართულ საგადასახადო კანონმდებლობაში, 29.03.2013 წ-ს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პრაქტიკულად რეგულირების წესი და ფორმა. კერძოდ:

20.12.2012 წ-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსს დაემატა 81 1 მუხლი და შესაბამისად: "ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარ", რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დასაქმებულ პირი მიიღებს არაუმეტეს 1800 ლარით მეტ ხელფასს წელიწადში, ვიდრე მას ამ ცვლილების გარეშე ეკუთვნოდა.

აღნიშნული ცვლილების უკეთ გაგების მიზნით, შევეცდებით დეტალურად ავხსნათ მისი არსი:

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ დასაქმებულის ხელფასი არის დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული დარიცხული ხელფასი და არა ხელფასის ის ოდენობა, რომელსაც დასაქმებული იღებს ხელზე. მაგალითად თუ თქვენ ხელზე იღებთ 400 ლარს, გამოდის, რომ თქვენი სახელფასო განაკვეთი შეადგენს თვეში 500 ლარს (ანუ იგი შედგება, ხელზე აღებული 400 ლარისა და მისი კუთვნილი საშემოსავლო განაკვეთის 100 ლარის ჯამისაგან).

ამჟამად განხილული მაგალითი არის მაქსიმალური ზღვარი, როდესაც დასაქმებულზე გავრცელდება ამ კანონით დადგენილი შეღავათი. ანუ წლიური დაუბეგრავი 1800 ლარიდან, შეღავათი არის მისი 20% - 360 ლარი. თუ თქვენი თვიური, ხელზე მიღებული ხელფასი აღემატება 400 ლარს, თუნდაც 1 ლარით, ამ შემთხვევაში ამგვარი შემოსავლის მქონე პირზე არ გავრცელდება დასახელებული ცვლილებით გათვალისწინებული შეღავათები.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი ერთნაირად ვრცელდება, როგორც კერძო კომპანიებში დასაქმებულ, ასევე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე და მისი გამოყენების ერთადერთი კრიტერიუმი ის არის, რომ წლიური დარიცხული (საშემოსავლო გადასახადის - 20%-ის ჩათვლით) ხელფასი (მ.შ.: ჰონორარი) არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ამ თანხას პირი ხელფასის (მ.შ.: ჰონორარის) სახით მიიღებს წელიწადში ერთჯერადი შრომის ანაზღაურების სახით, თუ სახვადასხვა თვეში, სხვადასხვა ოდენობის ანაზღაურების სახით, მთავარია მისი სახელფასო განაკვეთი ჯამში არ აღემატებოდეს კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ - 6000 ლარიან ზღვარს.

იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსში ამგვარი ცვლილება არის საკანონმდებლო სიახლე, საჭირო გახდა მისი აღსრულების პროცესის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირება და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ, 2013 წლის 29 მარტს, მიღებულ იქნა N87 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა, რომ "დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის (შემდგომში - დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოში წარდგენით". ხოლო, ამგვარი დეკლარაციის დადგენილი ნიმუშით საგადასახადო ორგანოსადმი წარდგენის პირველ ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 აპრილს შემდგომი პერიოდი. ანუ ყოველ საანგარიშო კალენდარული წლის დასრულებიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში ასეთი დეკლარაციის წარდგენა დაუშვებელია.

ამ ცვლილების არსი ასევე იმაში მდგომარებს, რომ დამსაქმებელი (ანუ ორგანიზაცია / დაწესებულება) ვალდებულია, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვეულებრივი წესით, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მის გადაანგარიშებას მოახდენს დამსაქმებლისა და დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ www.rs.ge -ზე წარდგენილი ანგარიშების / დეკლარაციების გათვალისწინებით და სახელმწიფო ხაზინისადმი გაცემული დავალების შესაბამისად, ფიზიკური პირის, ანუ დასაქმებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაინტერესებულ პირს, ანუ დეკლარანტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება არაუმეტეს 360 ლარი წელიწადში ერთხელ, თანახმად ამავე საკანონმდებლო ცვლილებისა.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუ რომელიმე დამსაქმებელმა შეამცირა მუშა - მოსამსახურეთა თვიური ხელფასი დაუბეგრავი მინიმუმის პროპორციელად, იმ მოტივით, რომ დასაქმებული წლის მანძილზე, ჯამში მაინც 5160 ლარს "მიიღებს"-ო, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არის არასწორი და ამ შემთხვევაში, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. ამ კანონით გარანტირებული შეღავათი არის მხოლოდ დასაქმებულთათვის გათვალისწინებული შეღავათი და არცერთ დამსაქმებელს, ანუ ხელმძღვანელს, უფლება არ აქვს, ამ კანონის თავისთავზე მორგების / სათავისოდ გამოყენების მიზნით, შეამციროს დასაქმებული პირის სახელფასო განაკვეთი.