პირველად პროკურორი დაჯარიმდა! გასული წლის 1 ოქტომბრიდან აშკარაა, რომ სასამართლოს დამოკიდებულება პროკურორისადმი აშკარად შეიცვალა და თანდათან სასამართლო გამოდის პროკურატურის ტყვეობიდან, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია!..

დღეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - გიორგი დარახველიძემ, ბრალდებულების: ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და სხვათა პროცესზე, პროკურორი ჯემალ კობახიძე 200 ლარით დააჯარიმა. ჩვენ რა თქმა უნდა აღფრთოვანებით ვერ შევხვდებით ვინმეს დაჯარიმებას, ან დაპატიმრებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მისასალმებლად მიგვაჩნია სასამართლოს მხრივ, პროკურატურის მონობისაგან თავის დაღწევის კიდევ 1 გამოვლინება.

ვისაც საქმიანი ურთიერთობა ქონია ქართულ სასამართლოსთან, იმედს ვიტოვებთ - ყველა დაგვეთანხმება, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, სასამართლოზე აშკარა იყო პროკურატურის გავლენა და ნებისმიერ პროცესზე, სადაც ერთ მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო, ვერავინ ისაუბრებდა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და უფრო მეტიც, მოსამართლეები სამარცხვინოდ ახორციელებდნენ პროკურორების "პირადი მდივნის ფუნქციას" და პროკურორის ნებისმიერ მოთხოვნაზე, მოსამართლეებს მხოლოდ "ტაშის დაკვრა" ევალებოდა!.. ასეთი სასამართლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სამართლიანობაზე ნებისმიერი დონის საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, არის მხოლოდ დემაგოგია, აბსურდი და ყოფილი ხელისუფლების "ნაციონალური" წარსულის "ნათელი" გამოვლინება!..

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე არ არის სასამართლოსათვის ახალი კადრი, იგი მუშაობდა ჯერ სენაკის, შემდეგ კი საჩხერის მოსამართლედ და თბილისის საქალაქო სასამართლოში იგი საქმეებს განიხილავს, მხოლოდ ა/წ-ს 14 თებერვლიდან და საინტერესოა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, რამდენი ანალოგიურად გაბედული ნაბიჯი გადაუდგამს თავის სამოსამართლო პრაქტიკაში მას...

ბაჩო ახალაიასა და სხვათა პროცესზე, პროკურორის დაჯარიმება გამოიწვია, პროკურორის მცდელობამ ხელი შეეშალა ადვოკატის მიერ, მოწმის დაკითხვის პროცესისათვის, რაზედაც იგი მოსამართლემ ჯერ გააფრთხილა, ხოლო, მოსამართლისადმი პროკურორის შეკამათების გამო, იგი დაჯარიმდა, რასაც, რა თქმა უნდა ბოლო 9 წლის განმავლობაში ვერცერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა და დღევანდელ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც გზას "სასამართლოს სამარცხვინო წარსულიდან თავისუფლებისაკენ" და ვისურვებთ, რომ სასამართლო მუდამ იყოს თავისი მოწოდების სიმაღლეზე და მომავალში მაინც, არასოდეს გამხდარიყოს სახელმწიფოს იარაღი - საზოგადოების თავისუფლების ჩასახრჩობად...

და ბოლოს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დამოუკიდებელი და ყოველივე აღნიშნული, ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ჯერ კიდევ თავს თვლიან წარსულის პოლიტიკოსთა წინაშე დავალებულად, მალე გამოფხიზლდებიან და ჩადგებიან სამშობლოს სამსახურში.