2013 წლის 08 მაისიდან გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, წინა ხელისუფლების დროს (2006 წლის 29 დეკემბერს) მიღებული, სასჯელის შეკრებითობის პრონციპი და ამჟამად, პირს ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობის დროს, სასჯელის სახით დაენიშნება მხოლოდ უფრო მკაცრი სასჯელის ზომა, რომელიც მთლიანად შთანთქავს სხვა უფრო ნაკლებს

სასჯელის ზომებს. ამ წესიდან გამონაკლისი არის დანაშაულის რეციდივისა და განაჩენთა შეკრებითობის შემთხვევები, რა დროსაც დადგენილი სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ, მაგრამ მათი ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში - 30 წელს, ხოლო, განაჩენთა ერთობლიობის დროს კი - 35 წელს.

ამ საკანონმდებლო ცვლილების მნიშვნელოვანი კომპონენტია ისიც, რომ ეს ცვლილება ვრცელდება უკვე გასამართლებულ პირებზეც, ანუ კანონს აქვს უკუძალა მსჯავრდებულთა მიმართ.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამნისტიის კანონისაგან განსხვავებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება ავტომატურად არ უმსუბუქებს სასჯელს არავის და იმისათვის, რომ უკვე მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კანონი, აუცილებელია, დაინტერესებულმა პირმა, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული ვადების გარეშე (ანუ ნებისმიერ დროს), სათანადო შუამდგომლობით, განსჯადობის მიხედვით მიმართოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ახლად აღმოჩენილი სამართლებრივი გარემოება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილი და ამავე კოდექსის 310-ე მუხლის "ვ" პუნქტი).

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთ პროკურორს და მსჯავრდებულს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში - მის კანონიერ მემკვიდრეს. ადვოკატს უფლება აქვს, მსჯავრდებულის ნებართვის გარეშე, დამოუკიდებლად დააყენოს შეამდგომლობა, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.

აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის დროს მოსამართლე ვერ იქნება ის, ვინც ადრე უკვე მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ან სხდომის მდივანი.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, შეამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს წარედგინება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312 - 314 მუხლების გათვალისწინებით, სტანდარტული ფორმით, რომელშიც უნდა აღენიშნოს საფუძველი და მტკიცებულებანი, რომლის დასაშვებობასაც, შეტანიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს სააპელაციო სასამართლო და შემდგომ ნიშნავს არსებით განხილვას, მხარეთა მომზადებისათვის გონივრულ ვადაში. ხოლო, თუ დაუშვებელად იქნა ცნობილი შუამდგომლობა, იგი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო საკასაციო წესით. უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოს დაავალოს დაუშვებლად ცნობილი შაუამდგომლობის დასაშვებად ცნობა.

საქმის არსებითი განხილვა შესაძლებელია დაინიშნოს ზეპირი მოსმენით, ან მის გარეშე, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიღებული ახალი განაჩენი, შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომელიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის გარეშე იღებს მას წარმოებაში და იღებს მასზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით...