პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 2013 წლის 20 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში, რითაც სასამართლოში აუდიო, კინო, ვიდეო და ფოტო გადაღება კიდევ უფრო თავისუფალი გახდა. კერძოდ:

სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მხარეებისთვის გადაცემა, გარდა ამისა, თავისუფლად შესაძლებელია პროცესის მონაწილეთა მიერ სხდომის მიმდინარეობის აუდიო ჩაწერა, სასამართლოს მიერ გამოყოფილი ადგილიდან შეუზღუდავად ხორციელდება ვიდეო გადაღება და ა.შ. ყოველგვარი წინასწარი შეზღუდვის გარეშე დაშვებული გახდა სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში ყოველგვარი გადაღება / ჩაწერა და სავალდებულოდ განისაზღვრა პროცესის მიმდინარეობის ტელე გადაღება, თუ აღნიშნულს მოითხოვს პროცესის მონაწილე მხარე.

კანონი ადგენს მხოლოდ 5 გამონაკლისს, რომელიც ზღუდავს ზემოთ დასახელებულ უფლებებს. კერძოდ, დაუშვებელია:

> დახურული სასამართლო სხდომის გადაღება / ჩაწერა;
> მოწმის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩაწერა;
> ნაფიც მსაჯულთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობით გადაღება;
> გადაღება ხელოვნურად მანათობელი საშუალებების გამოყენებით;
> ჩაწერა ტრიბუნებთან მიკროფონების გამოყენებით.

გარდა ამისა, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს გადაიღოს ნებისმიერი პროცესი. ხოლო, სხვა ტელეკომპანიებს უფლება აქვთ განახორციელონ ტელე გადაღება, თუ აღნიშნულს არ ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საკუთარ სურვილს იგი წერილობითი განცხადებით წარუდგენს სასამართლოს - წინასწარ. რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, ამგვარი ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება წილისყრით.