ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 2014 წლის 01 მაისიდან გამოცხადდა ნარკოტიკულ დანაშაულად. ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და შესაბამისად, ,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,

გადაგზავნა ან გასაღება, ამიერიდან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.. ხოლო, იგივე ქმედება ჩადენილი ”დიდი ოდენობით”,  ,,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ”, ,,სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”, ,,არაერთგზის” და ”იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული”  –  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. გარდა ამისა, იგივე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და / ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“

აქვე უმნიშვნელოვანესია, რომ 1 მაისიდან ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

ასევე, ცვლილებები შევიდა 262-ე , 264-ე, 266-ე, 271-ე და 272-ე  მუხლებშიც და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ან ასეთი ნივთიერების მწარმოებელი ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა და აგრეთვე, მისი უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა, ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება და ან მის  მოხმარებაზე დაყოლიება, - გაიგივებულია სხვა ნარკოტიკულ  დანაშაულობებთან.

საბოლოოდ, ამ ცვლილებების შედეგად არ შემცირებულა არცერთი დანაშაულისათვის დღემდე დადგენილი პასუხისმგებლობა და ნარკოტიკულ ნივთირებათა სახეობებს დაემატა ,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების” მცნება. ხოლო, თუ რა ნივთიერებები ჩაითვლება ,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება”-დ, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.