,,ქართულმა სამართალმა” შექმნა მეტად საინტერესო თუ მეტად სამარცხვინო პრაქტიკაც კი. კერძოდ, თელავის საოლქო პროკურორის მოადგილეს, ზურაბ ჯავახიშვილს, 2013 წლის 21 თებერვალს პროკურატურამ, 2007 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობისთვის

დასდო ბრალი, რადგანაც 36 წლის მწყემსი, ალექსანდრე ბახუტოვი ციხეში სასჯელს ჩაუდენელი დანაშაულისთვის იხდიდა. გაირკვა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობისთვისაც იგი გაასამართლეს, ცოცხალი ყოფილა და მწყემსად, მთაში იყო წასული. ამ სკანდალური ფაქტის მიუხედავად, ბახუტოვის ნაცვლად საკანში დამნაშავე მაღალჩინოსნები აღმოჩნდებოდა, მაგრამ იმჟამად ”განტევების ვაცი” მხოლოდ პროკურორი ზ. ჯავახიშვილი აღმოჩნდა, რომელიც საბოლოოდ არც დაუპატიმრებიათ და მას მხოლოდ 1 წლით სამსახურეობრივი მოვალეობისაგან ჩამოცილება აკმარეს სასჯელის სახით.

აქვე დავძენთ, რომ ე.წ. "ცოცხალი მკვდრის" სახელით გახმაურებული საქმისთვის ასევე გვამის გადამალვის ბრალდებით კიდევ 3 პირი გაასამართლეს: ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პროკურორმა ჯავახიშვილმა 2007 წლის 21 ნოემბერს თელავის სასამართლოში, ამ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა - არადა, ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ სოფელში გამოჩნდა ე.წ. "მოკლული" ჩოფიკაშვილი. მართალია, ისინი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, მაგრამ ბრალი მათთვის არავის მოუხსნია და მხოლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

ამ საქმეში ასევე ფიგურირებს ბახუტოვის გერი, ირაკლი ციციშვილი, რომელიც დაკავებული იყო და ცემით აღიარებინეს ჩაუდენელი დანაშაული. სასურველი ჩვენების მიღების შემდეგ ციციშვილი საქმეში მოწმის სტატუსით გაიყვანეს.

აქვე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ძალადობით მოპოვებული ჩვენების ,,გაუთვალისწინებელი შედეგისა”, პატიმრობიდან არ გაუნთავისუფლებიათ უკანონოდ მსჯავრდებული ალექსანდრე ბახუტოვი და მას ბრალდება მკვლელობის მცდელობით შეუცვალეს, რის გამოც, მან საბოლოოდ 1 წლიანი სასჯელი მოიხადა.

დღეისათვის როგორც ჩანს ,,ცოცხალი მკვდარი”-ს საქმეზე ბრალდების ,,მთავარი გმირი”-სათვის - ექსპროკურორ ზურაბ ჯავახიშვილისათვის საკმარისი აღმოჩნდა დანიშნული სასჯელი და იგი თელავის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსად დაინიშნა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ,,ნაციონალური ხელისუფლების” კახეთის იმჟამინდელი პროკურატურის ,,სახე”, ამჟამად მაინც იქნება საზოგადოების სამსახურში და საკუთარ შეცდომაზე მაინც ისწავლის, რომ არცერთი თანამდებობა არ ღირს უკანონო დავალებების შესრულებად, ხოლო, სხვა კომენტარი კი - მკითხველისათვის მიგვინდია...


ზოგიერთი აქტივობები ამავე თემაზე:

> ექსპროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი;

> პროკურატურის ბრიფინგი - 2013;

> პროკურატურის ოფიციალური განცხადება - 2013;

> მედია ნიუსი;

> იურიდიული სამსახურის უფროსად დანიშვნა - 2014: