სესხად გაცემული თანხა, გადახდის ვადის გასვლიდან, ან ბოლო გადახდიდან 3 წლის შემდეგ, გადახდას არ ექვემდებარება - აღნიშნულს მკაცრად განსაზღვრავს კანონი, მაგრამ საგულისხმოა, რომ აღნიშნული პრაქტიკა დაამკვიდრა სააპელაციო სასამართლომ და ამით დასრულდა ბანკების მხრიდან მოქალაქეთა იძულება ხანდაზმული ვალდებულებების შესასრულებლად.

გამბედავი გადაწყვეტილებისათვის, საქმისადმი მაღალი პროფესიონალური მიდგომისა და სამართლიანობისათვის, იურიდიული კომპანია - შპს "PAEL Georgia" მადლობას უხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს: ბატონ გელა ქირიას, ქალბატონ ანა გოგიშვილს და ბატონ ამირან ძაბუნიძეს.

ჩვენ ვაქვეყნებთ კონკრეტულ საქმეს, რომელიც ჩვენმა საადვოკატო კომპანიამ წარმატებით დაასრულა და 2008 წელს საკრედიტო ბარათით თანხის მსესხებლის სასარგებლოდ, სს "თიბისი ბანკს" დაეკისრა 655 ლარის გადახდა, ნაცვლად სს "თიბისი ბანკი"-ს მიერ მოთხოვნილი 4 605 ლარისა და 59 თეთრისა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2008 წ-ს მოქალაქემ ბანკიდან მიიღო კრედიტი, ე.წ. "თიბისი ქარდი"-ს საკრედიტო ბარათის მეშვეობით, რომელზედაც მას სხვადასხვა დროს შეჰქონდა თანხები, მაგრამ გადახდის ვალდებულების სხვადასხვა ეტაპზე, მსესხებელმა დროულად ვერ გადაიხადა ბანკის სასარგებლოდ საჭირო %-ები და ვერც ძირითადი თანხა იქნა სრულად გადახდილი. მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, მსესხებელს, ბანკისათვის არანაირი თანხა არ გადაუხდია 2011 წლის შემდეგ.

ბოლო გადახდიდან 3 წლის შემდეგ, მსესხებელი მოქალაქის პირად ანგარიშზე დაირიცხა 321 ლარი, რომელიც ბანკმა მას ჩამოაჭრა, თითქოსდა 2008 წლის სესხის დასაფარავად და აღნიშნული სასამართლოში გაასაჩივრა მსესხებელმა.

თავის მხრივ, ძირითადი დავალიანების, მისი %-ისა და დამატებული ჯარიმის სახით, სულ: 4 605 ლარისა და 59 თეთრის გადახდა მოითხოვა "თიბისი ბანკმა".

მართალია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სს "თიბისი ბანკი"-ს სარჩელი, მაგრამ აღნიშნული გაასაჩივრა წაგებულმა მხარემ, ანუ ბანკიდან თანხის მსესხებელმა მხარემ.

ჩვენი ფირმის ადვოკატ ბაჩუკი ქირიას ძალისხმევითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ბ-ნ გელა ქირიას, ქ-ნ ანა გოგიშვილისა და ბ-ნ ამირან ძაბუნიძის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების საფუძველზე, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და 2016 წლის 15 ივნისს, მიღებულ იქნა ახალი, სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნაცვლად ხანდაზმული ვალის გადახდისა, სს "თიბისი ბანკს" თავად მოუწია მიყენებული ზიანისა და სასამართლოში დახარჯული თანხების ჯამის სახით, ზემოაღნიშნული მოქალაქისათვის 655 ლარის გადახდა, რაც კვლავ გასაჩივრდა სს "თიბისი ბანკი"-ს იურიდიული ფირმა - "ტრიბა"-საგან, მაგრამ აღნიშნული საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.06.2016 წ-ს გადაწყვეტილება.

საბოლოოდ, 2016 წლის 19 ოქტომბერს, N: 2ბ/676-2016 სამოქალაქო საქმეზე, სს "თიბისი ბანკი"-ს წინააღმდეგ 19.10.2016 წ-ს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რითაც დასრულდა აღნიშნული დავა და აღსდგა სამართლიანობა.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საქმე კარგი მაგალითი და შეუცვლელი პრაქტიკა იქნება იმ საკრედიტო დაწესებულებებისათვის, რომელთა უკანონო მოთხოვნა, მძიმე ტვირთად აწვება ქართულ საზოგადოებას...

ჩვენ ვისურვებდით, რომ სწორი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებები, იმდენად მრავლად იყოს ქართული სასამართლოს პრაქტიკაში, რომ საჭირო არ იყოს ცალკეულ საქმეებზე აპელირება და სასამართლო მართლაც იყოს ქვეყნისა და მოქალაქეთა ინტერესების სადარაჯოზე, რაც რა თქმა უნდა ვერ იქნება მიღწეული ისეთი მოსამართლეების ეპოქაში, როგორიც ამ კონკრეტული საქმის განხილვის ეტაპზე აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ანა ჩოგოვაძე.

მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ანა ჩოგოვაძე შეეცადა (და სამწუხაროდ, მისთვის ეს პირველი არ იქნებოდა) დაემკვიდრებია კანონსაწინააღმდეგო და არასამართლიანი, სამარცხვინო პრაქტიკა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სააპელაციო და უზენაესი სასამართლების მოაზროვნე და მაღალი პროფესიული ეთიკის მქონე ზოგიერთ მოსამართლეთა გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, თავად ანა ჩოგოვაძისათვის და შემდეგში კი - მისი მსგავსი სხვა მოსამართლეებისათვის იქნება კარგი მაგალითი და უცდომელი პრაქტიკის კარგი საფუძველი.